ფედერალისტი # 71 :  ჰამილტონი


1788წ. 18 მარტი
ნიუ - იორკის შტატის ხალხს

მეორე პირობა, რომლის დაცვაც აუცილებელია, რათა აღმასრულებელი ხელისუფლება ენერგიული იყოს, თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობას შეეხება. ეს უკანასკნელი ორ რამესთან არის დაკავშირებული. ჯერ ერთი, აუცილებელია ის, რომ უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფალი პიროვნულ სიმტკიცეს იჩენდეს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების საქმეში. მეორეც,  სტაბილური უნდა იყოს მართვის ის სისტემა, რომელიც მისი მფარველობის ქვეშ მოქმედებს. რაც შეეხება პირველ საკითხს, სრულიად ცხადია, რომ რაც უფრო ხანგრძლივად იმყოფება ადამიანი თანამდებობაზე, მით უფრო დიდი უპირატესობის მოხვეჭა შეუძლია მას. რა საკუთრებასაც უნდა ფლობდეს ადამიანი, იგი ყოველთვის დაინტერესებულია, რათა შეინარჩუნოს ის, რისი მეოხებითაც იგი ამ საკუთრებას ფლობს. ასეთი რამ სწორედ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს და ისიც გამუდმებით ამოწმებს ხოლმე, თუ რამდენად მტკიცე ან არასაიმედოა მისი თანამდებობრივი მდგომარეობა. მას ერთთავად მხოლოდ ის აინტერესებს, ეს უკანასკნელი მოკლევადიანი ან გაურკვეველია, თუ გრძელვადიანი ან გარკვეული. იგი, რა თქმა უნდა, მზად არის უფრო გრძელვადიანი და გარკვეული მდგომარეობისთვის ჩაიგდოს თავი საფრთხეში, ვიდრე მოკლევადიანი და გაურკვეველი პერსპექტივისთვის. ეს შენიშვნა უფრო პოლიტიკურ პრივილეგიას, საზოგადოებრივ პატივსა თუ ნდობას მიესადაგება, ვიდრე იმ მდგომარეობას, როცა ადამიანს ჩვეულებრივ საკუთრებაში აქვს ხოლმე რაიმე ნივთი. აქედან შემდეგი დასკვანა გამომდინარეობს: ადამიანს, რომელიც პრეზიდენტის ფუნქციებს ასრულებს და  გაცნობიერებული აქვს ის, რომ თანამდებობა მოკლე ხანში უნდა დატოვოს, მის მიმართ არცთუ დიდი ინტერესი ექნება. იგი არც იმისთვის გადადებს თავს, რომ სიძნელეებს შეეჭიდოს და თავს დაიტეხოს საზოგადოებრივი გაკიცხვა იმ შემთხვევაში, თუ ვერ შესძლებს, დამოუკიდებლად გაართვას თავი მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. მას არც იმის ხალისი ექნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ცუდ განწყობილებას, რომელსაც მის მიმართ  საზოგადოების უდიდესი ნაწილი ან თვით საკანონმდებლო ორგანოში გაბატონებული ფრაქცია ავლენს, თუნდაც ამგვარი განწყობილება წარმავალი იყოს. ხანდახან შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ მას თან უნდოდეს თანამდებობის დათმობა, თანაც გული ეთანაღრებოდეს და ახალი არჩევნების შედეგად თავის პოსტზე დარჩენაც ეწადოს. ამგვარი შიშნარევი სურვილები დიდ ვნებას მოუტანს მის პატიოსნებას და მის სიმტკიცესაც საფუძველს მოურყევს. ხელთ კი სუსტი და გაუბედავი პრეზიდენტი შეგვრჩება. 
ისეთი ადამიანებიც მოიპოვებიან, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის საუკეთესო თვისება სწორედაც რომ ის მონური მორჩილებაა, რომელსაც იგი საზოგადოებასა თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში გაბატონებული  მიმდინარეობისადმი იჩენს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთ ადამიანებს ძალზე ზერელე წარმოდგენები აქვთ როგორც იმ მიზანთა შესახებ, რომელთა მისაღწევადაც ხელისუფლების ესა თუ ის შტო ფუძნდება, ისე იმ ჭეშმარიტ საშუალებებზე, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოებრივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა ხდება. რესპუბლიკური პრინციპი მოითხოვს, რომ გაცნობიერებული თანაზიარობის გრძნობა წარმართავდეს ყველა იმ პირის მოქმედებას, ვისაც საზოგადოებრივ საქმეთა მართვა აქვს მინდობილი. მაგრამ ზემოაღნიშნული პრინციპი სულაც არ მოითხოვს იმას, რომ მონურად თავი წავუხაროთ ვნებათა იმ ანაზდეულ აღტკინებასა თუ ეფემერულ იმპულსებს, რომლებსაც ჩვენში გაქნილი ადამიანები აღძრავენ. ადამიანები, რომლებიც ცდას არ აკლებენ იმას, რომ  თავინათი ცრურწმენები საზოგადოების ინტერესებად გაასაღონ. სავსებით სამართლიანია ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც ადამიანები, საზოგადოდ, საზოგადოებრივ კეთილდღეობას ესწრაფვიან . მაგრამ საქმე ის არის, რომ ამგვარი სწრაფვისას ისინი შეცდომებს უშვებენ ხოლმე. ამიტომ ისინი აღშფოთებას ვერ მალავენ, როცა მავანი ქლესა პიროვნებები გამოვლენ და მტკიცებას მოჰყვებიან, თითქოსდა ყოველთვის მართებულად მსჯელობდნენ და დასახულ მიზანთა მიღწევის საშუალებებსაც შეუმცდარად ირჩევდნენ. ცხოვრებისეული გამოცდილება მათაც კარნახობთ, რომ ხანდახან ისინიც ცდებიან. თუმცა გაკვირვებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ეგზომ ცოტა შეცდომას უშვებენ. ადამიანებს კი მახეს უგებენ პატივმოყვარე პარაზიტები და სიკოფანტები, საზოგადოებაში სიხარბისა და სასოწარკვეთის განწყობილებებს რომ ავრცელებენ. ისინი არაფერზე იხევენ უკან, ოღონდ კი უფრო დიდი ნდობა მოიხვეჭონ, ვიდრე იმსახურებენ, თვალი ერთთავად საზოგადოების კეთილგანწყობის მოხელთებაზე უჭირავთ და არაფრად ანაღვლებთ მისი დამსახურება. არის მომენტები, როცა ადამიანთა მიდრეკილებანი მათსავე ინტერესებს ეჯახებიან. მაგრამ არსებობს ხალხი, რომელიც საზოგადოებამ სწორედ მათი ინტერესების სადარაჯოზე განამწესა. ამ ხალხის ვალია განუხრელად იცავდეს ამ უკანასკნელთ. საზოგადოებრივ ინტერესთა მცველებს უფლება არ აქვთ, წამიერ ცდუნებებს აჰყვნენ. მათ მოსახლეობას სწორედ იმის საშუალება უნდა მისცენ, რომ ამ უკანასკნელმა ცივი გონებითა და მშვიდ ვითარებაში გაიაზროს ყველაფერი, რაც ხდება. ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, როცა ამ ხერხმა გაჭრა და ხალხი მის მიერვე დაშვებული საბედისწერო შედეგებისგან იხსნა. მადლიერმა ხალხმა კი სამარადჟამო ძეგლები დაუდგა იმ ადამიანებს, რომელთაც ეყოთ სიმამაცე და დიდსულოვნება, რათა სწორედ საზოგადოებრივ ინტერესთა გულისთვის თავი საფრთხეში ჩაეგდოთ და უშიშრად შეგებებოდნენ უკმაყოფილების ტალღას.
ადამიანთა გარკვეული წრე დაჟინებით ამტკიცებს, აქაოდა, აუცილებელია პრეზიდენტი სახალხო მიდრეკილებების მიმართ მაამებლობას იჩენდესო. მაგრამ შეუძლებელია, ვინმემ რამენაირად გაამართლოს და მოითხოვოს ის, რომ მას საკანონმდებლო ხელისუფლებაში არსებულ განწყობილებათა მიმართაც ამგვარივე მაამებლური დამოკიდებულება ჰქონდეს. საკანონმდებლო ორგანო, შესაძლოა, ხანდახან უპირისპირდებოდეს კიდეც პრეზიდენტს, ხალხი კი ყოველივე ამის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ინარჩუნებდეს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა სიტუაციაში სასურველია, პრეზიდენტი Gგაბედულად მოქმედებდეს და ქმედით გადაწყვეტილებებს იღებდეს.  
არსებობს წესი, რომელიც გვასწავლის, რომ აუცილებელია ხელისუფლება სხვადასხვა შტოებად დაიყოს. მაგრამ იგივე წესი იმასაც ჩაგვაგონებს, რომ დაყოფილი და გამიჯნული სახელისუფლებო შტოები ერთმანეთისგან მართებულ დამოუკიდებლობას უნდა ინარჩუნებდნენ. რა აზრი აქვს საკანონმდებლო ხელისუფლებისგან აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების გამიჯვნას, თუ ეს უკანასკნელნი ისე არიან მოწყობილნი, რომ კვლავაც საკანონმდებლო ხელისუფლების ნება – სურვილის შემსრულებლებად რჩებიან? ამგვარი რამ ხელისუფლების მხოლოდ ნომინალური დაყოფა იქნებოდა. ამ გზით, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევდით იმ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც ზემოაღნიშნული წესი იქნა შემოღებული. ერთია, როცა საქმე ეხება კანნომორჩილებას, მაგრამ სხვა საკითხია, როცა ხელისუფლების დანარჩენი შტოები იძულებულნი არიან, საკანონმდებლო ორგანოს ემორჩილებოდნენ. ერთი სრულ შესატყვისობაშია ვარგებული მმრთველობის პრინციპებთან, მეორე კი არღვევს მათ. საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს კონსტიტუციურ ფორმებს, მთელი ძალაუფლება ერთ სახელისუფლებო ორგანოში იყრის თავს. წინა რამდენიმე სტატიაში საკმარისი მაგალითები იქნა მოხმობილი, რათა მთელი სისრულით წარმოგვედგინა და განგვემარტა საკანონმდებლო ხელისუფლების ის ტენდენცია, რომელიც შთანთქმას უქადის ხელისუფლების დანარჩენ განშტოებებს. საქმე ის არის, რომ შეურეველი რესპუბლიკური მმართველობის პირობებში ამგვარი რამ თითქმის დაუძლეველი ტენდეციის სახით გვევლინება. ხალხის წარმომადგენლებს, რომლებიც წარმომადგენლობითი ორგანოს სავარძლებში მოკალათებულან, თავანთი თავი ხალხად დაუგულვებიათ. ამიტომ თუკი სადმე ოპოზიციურმა აზრმა გაიჭაჭანა, ისინი  აღშფოთებასა და ზიზღს ანთხევენ, თითქოსდა ხელისუფლების აღმასრულებელ თუ სასამართლო განშტოებათა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელებით მათი პრივილეგიები ირღვეოდეს და მათი ღირსება ილახებოდეს. კანონმდებლებს ხელისუფლების დანარჩენ დეპარტამენტთა მიმართ ქედმაღლური პოზიცია უჭირავთ და მათზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. საქმე ის არის, რომ ისინი ხალხის მხარდჭერით სარგებლობენ ხოლმე და ამიტომ ხელისუფლების სხვა წევრებს ერთობ უძნელდებათ კონსტიტუციური ბალანსის შენარჩუნება.
არსებობს მოსაზრება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელნი მოკლე ვადით უნდა იმყოფებოდნენ თავიანთ თანამდებობებზე. ამიტომ შეიძლება ვინმეს შემდეგი შეკითხვა დაებადოს: რა ზეგავლენა უნდა იქონიოს ამან საკანონმდებლო ხელისუფლებისგან აღმასრულებელ ხელუსუფალთა დამოუკიდებლობაზე, თუ მათ თანამდებობაზე ერთმანეთის დანიშვნისა ანდა გადაყენების უფლება არ ექნებათ? ერთი პასუხი შეგვიძლია ზემოხსენებული პრინციპიდან გამოვიტანოთ. საქმე იმას ეხება, რომ ადამიანი თითქმის არ იჩენს ინტერესს მსწრაფლწარმავალი უპირატესობისადმი. უპირატესობა, რომელსაც მას თანამდებობრივი მდგომარეობა უზრუნველუყოფს, უნდა ღირდეს იმად, რომ მან  სათანადო ძალისხმევა გამოიღოს,  თავიც გადადოს და რისკიც გასწიოს.  მეორე პასუხი უფრო გარკვეულია, თუმცა მთლად დამაჯერებელი ვერ არის. საქმე ის არის, რომ საკანონმდებლო ორგანოს, ხალხზე მისი ზეგავლენიდან გამომდინარე, შეუძლია, არ დაუშვას იმ ადამიანის მეორე ვადით არჩევა თანამდებობაზე, რომელიც უშიშრად აღუდგა წინ ამ ორგანოს დამღუპველ გეგმებს და მის თვალში სიძულვილი დაიმსახურა.
შესაძლოა, სხვა შეკითხვებიც დაისვას: ოთხწლიანი ვადა პასუხობს კი დასახულ მიზანს და თუ არ პასუხობს, მაშინ ხომ არ არის უპრიანი უფრო მოკლე ვადის შეთავაზება, რათა თავიდან ავიცილოთ პატივმოყვრე ზრახვები? უფრო მოკლე საპრეზიდენტო ვადის შემოღება იმიტომაც ხომ არ არის უფრო მართებული, რომ ოთხი წელი ისედაც არ არის საკმარისი, რათა პრეზიდენტს სასურველი სიმტკიცე და დამოუკიდებლობა გამოუმუშავდეს?
შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ოთხწლიანი ან სხვა რომელიმე ვადა სრულად შეესაბამებოდეს დასახულ მიზანს. მაგრამ იმის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება, რომ კონვენტის მიერ შემოთავაზებული ვადა ამ მიზანთან იმდენად გვაახლოებს, რამდენადაც იგი ხელისუფლების სულისკვეთებასა და ხასიათზე არსებითი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას იძლევა. ამგვარი ვადის დასაწყისსა და ამოწურვას შორის საკმაოდ ხანგრძლივი შუალედია. ასე რომ, საკმაოდ შორსაა თანამდებობიდან წასვლის პერსპექტივა და ის არასასურველ ზეგავლენას  ვერ იქონიებს ადამიანზე, რომელიც საკმაოდ მტკიცე ხასიათით გამოირჩევა. დროის ამგვარი შუალედი სრულიად საკმარისია იმისთვის, რათა ამ ადამიანმა თავის თავს ჩააგონოს ის, რომ შეძლებს საზოგადოება იმ ზომათა მართებულობაში დაარწმუნოს, რომელთა მიღებასაც აპირებს. თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ამ ადამიანის სიმტკიცისა და ერთგულების ხარისხი დაქვეითდეს, რაკი მოწევნილა ჟამი მის მიერ წარმოებული პოლიტიკის შეფასებისა. მაგრამ იმედია, პრეზიდენტიცა და ამომრჩეველიც ურთიერთსასიკეთოდ გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს. ლაპარაკი სწორედ იმ შესაძლებლობებზეა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს ის მდგომარეობა რომ მოუპოვა, რასაც ამომრჩევლის  პატივისცემისა და კეთილგანწყობის მოტანა შეუძლია. მაშინ იგი თანამოქალაქეთა პატივისცემისა და ერთგულების იმედს მოიცემს, მათ წინაშე თავისი სიბრძნისა და პატიოსნების დამადასტურებელი საბუთების ამარა წარდგომას გაბედავს და ალალბედზე შეაგდებს საკუთარ უსაფრთხოებას. ასე რომ, ერთი მხრივ, ოთხწლიანი ვადა ხელს შეუწყობს პრეზიდენტის განმტკიცებას, ამ პოლიტიკური წყობის ძალზე ღირებულ შემადგენელ ნაწილად აქცევს მას. მაგრამ მეორე მხრივ, ზემოაღნიშნული ვადა არ არის ისე ხანგრძლივი, რომ რაიმე გამართლება ჰქონდეს საზოგადოებრივი თავისუფლების საფრთხეთა თაობაზე ატეხილ განგაშს. ბრიტანულმა თემთა პალატამ ერთობ მოკრძალებულად დაიწყო თავისი მოღვაწეობა. მისი უფლებამოსილება, თავიდან, ახალი გადასახადის შემოღების თაობაზე თანხმობის მიცემით ან არმიცემით შემოიფარგლებოდა. სამაგიეროდ, იგი ძალზე სწრაფი ტემპით კვეცდა სამეფო ხელისუფლების პრეროგატივებსა და არისტოკრატიის პრივილეგიებს, რათა თავისუფალი მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში მოეყვანა ისინი. მაგრამ, იმავდროულად, იგი თანდათან ზრდიდა თავის სტატუსს, ვიდრე პარლამენტის სრულუფლებიან პალატად არ იქცა. თუკი თემთა პალატამ მოახერხა როგორც სამეფო ხელისუფლების, ისე არისტოკრატიის ალაგმვა; თუკი მან დაამხო ძველთაგანვე დადგენილი წესრიგი როგორც ეკლესიაში, ისე სახელმწიფოში; თუკი მონარქი კანკალებს თემთა პალატის ახალშემოღებათა მოლოდინში, მაშინ რად უნდა ვუფრთხოდეთ ისეთ უმაღლეს აღმასრულებელ ხელისუფალს ანუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომელსაც მხოლოდ ოთხი წლის ვადით ირჩევენ და ერთობ  შეზღუდული უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი? დიდი – დიდი რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ მან ვერ გასწიოს ის ჭაპანი, რომელსაც კონსტიტუცია აკისრებს. მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი: შესაძლოა, ოთხწლიანი ვადა იმის ეჭვს გვიტოვებდეს, რომ პრეზიდენტი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოასწრებს მტკიცე ნების ხელისუფლად ჩამოყალიბებას. მაგრამ სრულიად უეჭველია ის, რომ ეს ვადა არც იმისთვის იქნება საკამარისად ხანგრძლივი, რათა მას ქვეგამხედვარე მისწრაფებებმა სძლიონ და მათი ხორცშესხმის სურვილი გაუჩნდეს.
პუბლიუსი

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group