წინასწარი
დასკვნები : როგორ იქმნება და ნარჩუნდება ლიბერალური წესრიგი
თავიდან ვთქვით, რომ ლიბერალური წესრიგი ვერ დაემყარება მხოლოდ კეთილი ლიბერალური მეფის (ან თუნდაც კეთილი ლიბერალი პრეზიდენტის) ნებას, მას სჭირდება შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური მექანიზმი. მაგრამ როგორ იქმნება ეს მექანიზმი? ხომ არ შეიძლება, ერთგვარი ლიბერალური დეიზმის პოზიცია ავირჩიოთ: კეთილი ლიბერალი მეფე ერთხელ მოვა, ააწყობს შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას (დღევანდელ ვითარებაში _ ბრძენი საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით), ამის შემდეგ კი დემოკრატია “ავტოპილოტზე” დაჯდება, ანუ მასში მუდმივი კვლავწარმოების პროგრამა ჩაიდება? აპრიორულად ამის შესაძლებლობას ვერ გამოვრიცხავთ. მაგრამ განხილული მაგალითები ცხადად გვეუბნება, რომ დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში _ კლასიკური ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში _ ასე არ ყოფილა. ორივე შემთხვევაში, ლიბერალური წესრიგი შეიქმნა იმ პირობებში, როცა ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაციის რეალური არჩევანი არ არსებობდა ან ასეთი გამოსვლის ალბათობა შედარებით სუსტი იყო.
ამ შემთხვევებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ჰიპოთეზა, რომ ძალაუფლების დანაწილებას პოლიტიკური ინსტიტუტების დონეზე წინ უნდა უსწრებდეს ძალაუფლების ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცენტრების არსებობა, რომელთაგან არც ერთს არა აქვს რესურსები, რათა საბოლოოდ დაამარცხოს, გაანადგუროს მეორე. ამ მსჯელობის კონტექსტში ძალიან საინტერესოა მოვიყვანოთ ლეო შტრაუსის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, პიერ მანას მოსაზრება, რომელიც წარმოადგენს პასუხს უფრო ზოგად კითხვაზე: საერთოდ რატომ შეიქმნა ლიბერალური წესრიგი, თან მაინცდამაინც დასავლეთში? საუკუნეების მანძილზე განუყოფელი სუვერენიტეტი იყო ნორმა და თეორიულადაც კი ძნელად მოაზრებადი იყო ერთი პოლიტიკური ერთეულის შიგნით ძალაუფლების დანაწილების იდეა.
ლიბერალური ტრანზიციის ძირი აქ თეოლოგიურ-პოლიტიკურ დუალიზმშია დანახული. გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში შეიქმნა უნიკალური ვითარება, როდესაც შეიქმნა დაძაბულობა და ძალთა არამდგრადი ბალანსი, ერთის მხრივ, კათოლიკურ ეკლესიასა, მეორეს მხრივ კი აბსოლუტური მონარქიით წარმოდგენილ საერო ხელისუფლებას შორის. ეს განსვლა ისტორიულად უნიკალურია, რადგან პოლიტიკური პრაქტიკის ნორმაა პოლიტიკურ და რელიგიურ ძალთა შორის შეთანხმებული მოქმედება (მაგალითად, ეს ნორმად დარჩა მართლმადიდებლურ სამყაროში). ამ განსვლამ შექმნა ერთგვარი “ძალაუფლების ღრიჭო”, რომელმაც საერო პოლიტიკის და, საბოლოოდ, ლიბერალური იდეების შექმნა გახადა შესაძლებელი.
ამ სტატიაში ძნელია “ძალაუფლების ღრიჭოს” ჰიპოთეზის შემოწმება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც კონსოლიდირებულ ლიბერალურ დემოკრატიებადაა აღიარებული. მაგრამ ზოგადი მიმოხილვაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ, როგორც წესი, ლიბერალურ დემოკრატიებში არსებობს ძალაუფლების ცეტრთა და/ან სოციალურ ჯგუფთა და იდეოლოგიურ განწყობათა მეტნაკლებად მკვეთრად გამოხატული პლურალიზმი, სადაც ვერც ერთი მხარე ვერ ხდება სრულად დომინანტური. სხვადასხვა პერიოდში და ქვეყანაში, ეს შეიძლება იყოს, ვთქვათ, მეწარმეთა, პროფკავშირთა და რელიგიურ ორგანიზაციათა ინტერესების შეჯახება (ევროპული ქვეყნების კლასიკური ვარიანტი), ტრადიციულ რელიგიურ ღირებულებებსა და მოდერნისტულპროგრესისტულ ღირებულებებზე ორიენტირებული ჯგუფები, სხვადასხვა კონფესიური ჯგუფები (ვთქვათ, ჰოლანდიაში), სხვადასხვა საგარეო-პოლიტიკურ არჩევანზე ორიენტირებული ადამიანები (ჩინეთთან ერთიანობის და მისგან დამოუკიდებლობის მომხრეები ტაივანში) და ა.შ. ეს დაპირისპირებები ჩვეულებრივ არტიკულირებულია როგორც მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური პლატფორმები, თუმცა ის, თუ საკუთრივ რას ნიშნავს “მემარჯვენე” და “მემარცხენე”, ყოველი ქვეყნის კონკრეტულ კონტექსტს უკავშირდება. ცალცალკე ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფები შეიძლება სულაც არ იყოს ორიენტირებული მაინცდამაინც ლიბერალურ ღირებულებებზე _ ან მათი დაცვა მიაჩნდეთ ძირითად პრიორიტეტად (ლიბერალური პარტიები იშვიათად არიან პოლიტიკურად ძლიერები, მაგრამ ლიბერალური ინსტიტუტები ერთადერთი გარანტი ხდება იმისა, რომ ინტერესთა და პლატფორმათა დინამიური პლურალიზმის ფონზე მდგრადი და სტაბილური პოლიტიკური წესრიგი შეიქმნას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთადერთ დიდ დემოკრატიად, სადაც ძალაუფლების დანაწილების მონტესკიესეული პრინციპი თანმიმდევრულად არის განხორციელებული. სხვა ქვეყნებში ამგვარი პრინციპების გავრცელება სცადეს, მაგრამ არც ისე წარმატებით (მაგ., ლათინური ამერიკის ქვეყნებში), ან ეს პრინციპი მეტად შეზღუდულადაა ინტერპრეტირებული. ამ ბოლო შემთხვევის ილუსტრაციაა ევროპის ქვეყანათა უმრავლესობისთვის დამახასიათებელი საპარლამენტო რესპუბლიკები. მონტესკიეს მიერ სამაგალითოდ მიჩნეულმა ბრიტანულმა დემოკრატიამაც, მას შემდეგ, რაც მეფე პოლიტიკური ცხოვრების პერიფერიაზე განიდევნა, პრაქტიკულად უარი თქვა ძალაუფლების დანაწილების იდეაზე იმ ფორმით, რაც მონტესკიეს მოსწონდა.
ამ დემოკრატიებში საერთოდ ძნელია ვისაუბროთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების გამიჯვნაზე ამ სიტყვის მკაცრი აზრით, რადგან უარყოფილია მთავარი პრინციპი: ამ ორ შტოს ძალაუფლების ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მანდატი ჰქონდეს. აღმასრულებელი ხელისუფლება საკანონმდებლოს მიერ იქმნება ფუნქციათა დელეგირების გზით. ეს აღმასრულებელ ხელისუფლებას ფორმალურად მეორადად (და თითქოსდა უფრო სუსტად) აქცევს საკანონმდებლოსთან შედარებით. მაგრამ თუ ძალაუფლების სისტემის რეალურ ფუნქციობას შევხედავთ, უფრო პირიქით გამოდის: საკანონმდებლო ძალაუფლება, პრაქტიკულად, უმრავლესობაში მყოფი პარტიის თუ კოალიციის პრეროგატივაა, ხოლო ამ პარტიის თუ კოალიციის წამყვანი ფიგურები სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან თავმოყრილი. ამიტომ საქმე იმაზე დადის, რომ პარტიულ ლიდერებს ამავე პარტიის (პარტიების) იერარქიულად უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი წევრები აწონასწორებენ.
რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ის საკმაოდ მაღალი ხარისხითაა განხორციელებული, მაგრამ უფრო იმის ხარჯზე, რომ, აშშ-სგან განსხვავებით, ძალაუფლების ეს შტო საერთოდ შორსაა პოლიტიკური და, შესაბამისად, დემოკრატიული კონტროლისაგან. აქ ათვალისწუნებით უყურებენ სასამართლო ხელისუფლებაში დემოკრატიული მონაწილეობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა მოსამართლეთა არჩევითობა ან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. სამაგიეროდ, პოლიტიკურ ფიგურებს თითქმის არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოსამართლეთა დანიშვნაზე თუ განთავისუფლებაზე. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ხორციელდება მოსამართლეთა, როგორც პროფესიული კორპორაციის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური სფეროებისგან მაქსიმალური იზოლირებით.
ამდენად, კონტინენტური ევროპის საპარლამენტო დემოკრატიებში შეკავებისა და გაწონასწორების სისტემა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ისინი მაინც ლიბერალურ დემოკრატიებად არიან აღიარებულნი. ეს მხოლოდ აძლიერებს ზემოთ ჩამოყალიბებულ ჰიპოთეზას: ძალაუფლების შეზღუდვას უზრუნველყოფს არა იმდენად ძალაუფლების დანაწილების კონსტიტუციური სქემა, რამდენადაც სოციალურ ინსტიტუტთა, ინტერესთა და ღირებულებათა პლურალიზმი, რომელიც გამოხატულებას პოლიტიკურ პარტიათა პლურალიზმში ჰპოვებს, და თვით პარტიებს შიგნით დემოკრატიის საკმაოდ მაღალი დონე. ფონური, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა პოლიტიკური კულტურის ისეთი ნიშნები, როგორიცაა პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობის შედარებით მაღალი დონე და ძალაუფლების გაზიარების (sharing _ არ აგვერიოს ძალაუფლების მონტესკიესეულ თუ ამერიკულ დანაწილებაში), პოლიტიკაში კონსენსუსის მიღწევის ჩვევა.

ახლა ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს ჰიპოთეზა საქართველოსთან მიმართებაში.

საქართველო : სახელდობრ , რისი დეფიციტი ?  
საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის დამახასიათებელია ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი დონე, რაც სხვანაირად შეგვიძლია გამოვთქვათ, როგორც ძალაუფლების დანაწილების დეფიციტი. ეს შეფასება გამოითქმებოდა პოსტსაბჭოთა საქართველოს განვითარების ყველა პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გამოიცვალა სამი ხელისუფლება, რომელთაგან თითოეული რადიკალურად ემიჯნებოდა წინამორბედს და არადემოკრატიულობაში სდებდა მას ბრალს. ამ შეფასებაზე თანხმდებიან პოლიტიკური ექსპერტები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვაგვარად აფასებდნენ საქართველოს პოლიტიკური ევოლუციის სხვადასხვა ეტაპს და ასპექტს.
რა არის ამის მიზეზი, ან უფრო დრამატულად რომ დავსვათ საკითხი _ რა (ვინ) არის დამნაშავე? პირველი ეჭვმიტანილი, ბუნებრივია, კონსტიტუციაა. მისი რა დებულებებია კრიტიკის სამიზნე იმ ნიშნით, რომ ისინი არ უზრუნველყოფს ძალაუფლების განაწილების ჯეროვან დონეს?
პირველი პრობლემაა ის, თუ როგორ განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია მიმართებას აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის. ამ მხრივ კრიტიკა ორგვარია. ერთის მხრივ, საუბრობენ იმაზე, რომ კონსტიტუცია მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს და, მის ხარჯზე, ასუსტებს საკანონმდებლო ხელისუფლებას _ პარლამენტს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა (მათ შორის ამ სტრიქონების ავტორის მხრიდან) საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის თებერვალში, ვარდების რევოლუციის შემდეგ გაატარა. ამ ცვლილებებამდე, 1995 წლის კონსტიტუციით, საქართველოში არსებობდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი სისტემის უფრო მკვეთრი გამიჯვნის სისტემა, რომელიც ძირითადი სქემის დონეზე ჰგავდა ამერიკულს, თუმცა კონკრეტული უფლებამოსილებების თვალსაზრისით მეტ უპირატესობას ანიჭებდა პრეზიდენტს (მაგალითად, მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლო ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, სამთავრობო სტრუქტურებში ცვლილებების ინიცირება და ა.შ.). 2004 წლის თებერვლიდან საპრეზიდენტო ძალაუფლებისკენ “გადახრა” კიდევ უფრო გაძლიერდა: კერძოდ. პრეზიდენტს და პარლამენტს შორის პრინციპული კონფლიქტის პირობებში (მთავრობის შემადგენლობისა თუ ბიუჯეტის განმეორებითი უარყოფა პარლამენტის მიერ), პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის საშუალება მიეცა. ამ პირობებში საკმაოდ ძნელია იმის მოლოდინი, რომ პარლამენტი პრეზიდენტთან პრინციპულ დაპირისპირებას გაბედავს: ეს მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.
მეორეს მხრივ, კრიტიკოსების დიდი ნაწილისთვის სასურველია არა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა შორის ძალაუფლების დანაწილების კლასიკური მოდელი, როგორც ის ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაშია განხორციელებული, არამედ ევროპული სტილის საპარლამენტო სისტემა, რაც, როგორც ვთქვით, საერთოდ უკანა პლანზე აყენებს ძალაუფლების დანაწილების პრინციპს. ძირითადი მოსაზრება აქ მდგომარეობს იმაში, რომ საპრეზიდენტო სისტემა ხელს უწყობს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პიროვნების  ხელში, საპარლამენტო სისტემაში კი უფრო სავარაუდო იქნება კოალიციური უმრავლესობების შექმნა, რაც აიძულებს მოწინააღმდეგე პარტიებს, კომპრომისი და კონსენსუსი ეძებონ. სხვა სიტყვებით, საპრეზიდენტო სისტემა გულისხმობს მიდგომას  “ყველაფერი გამარჯვებულს მიაქვს”, მაშინ, როდესაც საპარლამენტო სისტემაში ერთზე მეტი გამარჯვებული შეიძლება იყოს, ამიტომ გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის განსხვავება ნაკლებ დრამატულია.
ორივე ეს არგუმენტი ყურადსაღებია. 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო შესწორებებმა ნამდვილად კიდევ უფრო გადახარეს ძალთა კონსტიტუციური ბალანსი საპრეზიდენტო ინსტიტუტის სასარგებლოდ. მეორეს მხრივ, თუ არ ჩავთვლით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ შემთხვევას, წარმატებულ დემოკრატიათა უმრავლესობა სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკაა, ან შერეული (“ნახევრადსაპრეზიდენტო”) რესპუბლიკაა, სადაც ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს პარლამენტზე დამოკიდებული (და შედარებით ძლიერი) პრემიერ მინისტრი აწონასწორებს (ამ უკანასკნელი სისტემის კლასიკური შემთხვევა საფრანგეთია). ამისგან განსხვავებით, ამერიკული სისტემის გადმოღების მცდელობებს საკმაოდ არასტაბილური და/ან არცთუ მაინცდამაინც დემოკრატიული რეჟიმების ჩამოყალიბებამდე მივყავართ.
მაგრამ სისუსტეები კრიტიკოსთა მოსაზრებებსაც აქვს. ჯერ ერთი, სულაც არ არის გარანტირებული, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, როგორც წესი, კოალიციური უმრავლესობების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს. საპარლამენტო არჩევნების ისტორია საქართველოში ამას არ აჩვენებს. საპარლამენტო არჩევნებმა 1990, 1995, 1999, 2004 და 2008 წლებში დასაბამი მისცა საკმაოდ მყარი ერთპარტიული უმრავლესობის ჩამოყალიბებას. განსხვავებული შედეგი იყო მხოლოდ 1992 და 2003 წლის (გაუქმებულ)საპარლამენტო არჩევნებზე. მაგრამ ეს ორი მაგალითიც დიდად იმედისმომცემი არ არის: ეს არჩევნები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთლიანად სახელმწიფოებრიობის საკმაოდ მძაფრი კრიზისის ფონზე, რასაც ძნელია ნორმალური ვითარება ვუწოდოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე თუ ისე სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში საპარლამენტო არჩევნებიც საქართველოში ჯერჯერობით ერთ მკაფიო გამარჯვებულს გვაძლევს.
მეორეს მხრივ, წარმატებული საპარლამენტო სისტემა საჭიროებს მეტნაკლებად განვითარებულ პარტიულ სისტემას, სადაც პარტიები სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესებთან და/ან განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებთან არიან ასოცირებული. საქართველოში ეს წინაპირობა აშკარად არა გვაქვს. მეტნაკლებად წარმატებული პარტიები იქმნება როგორც, პოპულარული პოლიტიკური ლიდერების ორგანიზაციული  დანამატები. ცნობად სახეს, რომელიც წარმატებულ წინასაარჩევნო “მესიჯს” მოიმარჯვებს, შეუძლია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ადამიანები ჩაწეროს პარტიულ სიაში და წარმატებას მიაღწიოს. პოპულარული ლიდერის პოლიტიკიდან წასვლას კი ხშირად პარტიაც მიჰყვება _ როგორც ერთგულ ცოლს ასაფლავებენ ქმართან ერთად ზოგიერთ ტრადიციულ საზიგადოებაში. ეს ნიშნავს პარტიების საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ინტერესებისაგან მოწყვეტილობას, პარტიების არასტაბილობას და მათ შინაგან ავტორიტარიზმს. თუ პოლიტიკური პარტიები ასეთია, რატომ უნდა ველოდოთ, რომ საპარლამენტო სისტემა (რომელიც ნამდვილად ზრდის პოლიტიკური პარტიების როლს) უფრო დემოკრატიულ და პლურალისტურ ვითარებამდე მიგვიყვანს?
ეს არგუმენტები არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო სისტემა მართლაც უფრო “მოუხდეს”, ანუ მან რამდენადმე შეასუსტოს ძალაუფლების კონცენტრაციის ხარისხი ისე, რომ პოლიტიკური სტაბილურობის და ხელისუფლების ეფექტურობის მკვეთრი ვარდნა არ გამოიწვიოს. მაგრამ საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საპარლამენტო სისტემა განვითარებული დემოკრატიული პარტიების გარეშე სულაც არ უზრუნველყოფს გამართული დემოკრატიის ფუნქციობას, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში მან შეიძლება ქაოტური სიტუაცია და, შესაბამისად, “ძლიერი ხელის” მოთხოვნილება შექმნას. ამის მაგალითები აფრიკის კონტინენტზე საკმაოდ მრავლად შეიძლება ვიპოვოთ.
საქართველოში არსებულ ვითარებას ხშირად აკრიტიკებენ აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების არასაკმარისი დამოუკიდებლობისათვის. მრავალრიცხოვან კრიტიკოსთა აზრით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ისედაც არასრულყოფილი სასამართლო ხელისუფლება კიდევ უფრო მიება აღმასრულებელი ხელისუფლების ნებას. მაგრამ ამის მიზეზებზე საუბრისას კანონმდებლობა შედარებით ნაკლებ ახსენდებათ. ძნელია იმის უარყოფა, რომ სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებამ გადადგა არაერთი საკანონმდებლო ნაბიჯი, რაც სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. საერთაშორისო კონსულტანტთა რჩევების დიდი ნაწილი ამ მხრივ გაზიარებულია. პრობლემის ძირითადი მიზეზი, კრიტიკოსთა აზრით, (აღმასრულებელი) ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ქცევაა.
ამდენად, თუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების არასაკმარისი გამიჯნულობის მიზეზს ძირითადად კონსტიტუციაში ხედავენ, სასამართლოს დამოუკიდებლობის დეფიციტს სრულიად სხვა მიზეზებს მიაწერენ. თუნდაც ეს გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ საკანონმდებლო გადაწყვეტებზე ფოკუსირება საკმარისი არ არის. გარდა ამისა, კანონმდებლობაც _ განსაკუთრებით, კონსტიტუციური დონის კანონმდებლობა _ პოლიტიკოსების მიერ იქმნება ძალთა გარკვეული ბალანსის კონტექსტში. ის ფაქტი, რომ 1995 წლის კონსტიტუციაში საკანონმდებლო და აღმასრულებელ ძალაუფლებებს შორის მეტი წონასწორობა დაფიქსირდა, კორელირდება იმ გარემოებასთან, რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას პარლამენტში ხმების ორი მესამედი არ ჰქონდა, თორემ პრეზიდენტ შევარდნაძეს და მის მომხრეებს 1995 წელსაც იმის მსგავსი მოდელის გატანა სურდათ, რაც პარლამენტმა 2004 წლის თებერვალში მიიღო. მანკიერ წრეს ვიღებთ: ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაციის მიზეზი კონსტიტუციაა, მაგრამ კონსტიტუცია ისეთია, როგორიც არის, რადგან ძალაუფლება კონცენტრირებულია.
როგორ გაირღვეს მანკიერი წრე? გამოსავალი შეიძლება იყოს კეთილი ლიბერალი მეფის მოსვლა, რომელიც არა მხოლოდ ლიბერალურ კონსტიტუციას მიიღებს, არამედ შესაბამისად მოიქცევა კიდეც. ეს მიდგომა იმპლიციტურად აღიარებულია ქართული პოლიტიკური დისკურსის ძირითადად მორალისტური ხასიათით. მხარეები პრობლემების გადაწყვეტის სხვადასხვა გზებზე და მიდგომებზე კი არ კამათობენ, არამედ ერთმანეთს ტყუილში, დესპოტიზმში, კორუფციაში და/ან ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს. მოკამათეთა დებულებები შესაბამისი პარტიების პლატფორმებს კი არ უკავშირდება, არამედ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნას. ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო პატრიოტულსახელმწიფოებრივ თემატიკას უსვამენ ხაზს, ხოლო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემები ოპოზიციას აქვს დასაკუთრებული. მაგრამ თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა, ის რამდენიმე თვეში ხდება ზუსტად იმავე ბრალდებების სამიზნე, რასაც მანამდე თავად აყენებდა.
ეს უკვე სამჯერ განმეორდა. ლოგიკურად, კეთილი მეფის თეორიას დისკრედიტაცია უნდა განეცადა. თუ გვჯერა რომ “ძალაუფლება აფუჭებს”, კიდევ რამდენი რევოლუცია უნდა მოხდეს ამ თეზისის დასადასტურებლად? 2007-08 წლების კრიზისულმა მოვლენებმა მეტად საინტერესო კორექტივები შეიტანა “კეთილი მეფის” თეორიის ქართულ ინტერპრეტაციაში. 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის პროგრამის ქვაკუთხედი იყო ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმება და მისი შეცვლა საპარლამენტო დემოკრატიის მოდელით. თავისთავად, ეს სრულიად რაციონალური და არაორიგინალური პროგრამაა. უჩვეულო იყო განსაკუთრებული შიში, რომ ოპოზიციური კანდიდატის ძალაუფლებაში მოსვლის თანავე ტირანიის სულით მყისიერად არ მოწამლულიყო და, თავისი წინამორბედების მსგავსად, საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერება არ დაეწყო. ეს შიში გადამწყვეტი ფაქტორი იყო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის _ ლევან გაჩეჩილაძის _ შერჩევის და, განსაკუთრებით, მისი მარკეტინგის პროცესში. ძირითადი ღირსება, რითაც გაჩეჩილაძე საზოგადოებას წარედგინა, იყო ის, რომ ის არ არის პოლიტიკური ლიდერი, რომ მას არ უნდა და არც შეუძლია პრეზიდენტობა. გავრცელდა ხმა ლევან გაჩეჩილაძის მძიმე ავადმყოფობის შესახებ _ ამითაც გამოირიცხებოდა იმის ალბათობა, რომ მას ძალაუფლება “გააჩაუშე-სკუებდა”. გაჩეჩილაძის ერთადერთ ფუნქციად ცხადდებოდა, სასწრაფოდ მოეხდინა არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და ქვეყანა საპარლამენტო სისტემაზე გადაეყვანა.
ეს მაგალითი აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის დიდ ნაწილში ჩამოყალიბდა ერთგვარი “ძალაუფლების კომპლექსი”, საიდან გამოსავალიც, ერთის მხრივ, კეთილი (არაპოლიტიკური, დროებითი და სასურველია ავადმყოფი) ლიბერალი მეფეა, მეორეს მხრივ კი _ საპარლამენტო სისტემა, რომლის ძირითად ღირსებად მთავრობის შექმნის კოალიციური პრინციპის წახალისებაა დანახული. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ პოლიტიკური პარტიების ხასიათს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, პრაქტიკულად ამ გეგმის ქვაკუთხედია მორიგება ძალაუფლების გაზიარების თაობაზე პოლიტიკური ელიტის ვიწრო წრის შიგნით. მაგრამ ასეთი სახელდახელოდ შექმნილი გაერთიანებების და მათ შიგნით მიღწეული შეთანხმებების სიმყარის საფუძველი ძალიან სათუოა. რა გარანტია გვაქვს, რომ რაღაც ეტაპზე ისევ არ გამოჩნდება ჯანმრთელი და უნარიანი ლიდერი, რომელიც უშუალოდ ხალხის ნდობის მოპოვებას შეძლებს და მისი ხელდასხმით მოახდენს ძალაუფლების კონცენტრაციას საკუთარ ხელში? სახელდობრ, რა შეუშლის მას ამაში ხელს?
აქ მივდივართ საზოგადოების შიგნით ძალაუფლების ცენტრების არსებობაზე, რასაც, თავის მხრივ, გარკვეული რესურსებისა და ინტერესების პლურალიზმი უნდა ედგას უკან. რა არის პლურალიზმის საფუძველი ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ სისტემაში?
ზედმეტად თამამი არ იქნება იმის განცხადება, რომ საქართველოში ნაკლებად არსებობს ინტერესთა და ღირებულებათა პლურალიზმი, რომელიც არტიკულირებულ პოლიტიკურ პლატფორმებშია წარმოდგენილი. გარკვეულ პერიოდებში გამოითქმებოდა წუხილები იმის გამო, რომ “საზოგადოება გახლეჩილია” და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო დაპირისპირება ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის 1991-1993 წლებში (ის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ შესუსტებული სახით). 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა ბევრს ის დრო გაახსენა: ისევ ალაპარაკდნენ გახლეჩილ საზოგადოებაზე, თუმცა ამჯერად კონფლიქტი, საბედნიეროდ, ისე შორს აღარ წასულა. ორივე ამ შემთხვევაში მძაფრი და ემოციური დაპირისპირების არსი იყო დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკური ლიდერების (ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილის) მიმართ, მაგრამ მხარეები ნაკლებ აიგივებდნენ თავს გარკვეული სოციალური ინტერესების თუ ღირებულებების დაცვასთან (თუ არ ჩავთვლით დიქტატურის ან ერის ინტერესების ღალატის სტანდარტულ რიტორიკულ ბრალდებებს). ამ შემთხვევებშიც ანალიტიკოსებს შეუძლიათ, ამა თუ იმ მხარის მომხრეებს გარკვეული სოციალური მახასიათებლები მიაწერონ (ვიღაცას მეტი მომხრე ჰყავს თბილისის ელიტურ უბნებში, სხვას _ სოფლად და ა.შ.), ან მხარეების დისკურსში რაღაც თემების შედარებით სიძლიერეს გაუსვან ხაზი. მაგრამ მკაფიო სოციალური და იდეოლოგიური დაპირისპირება არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა.
ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას (ამ ცნებაში ვგულისხმობ პოლიტიკურად მეტნაკლებად აქტიურ ყველა ადამიანს) ახასიათებს, ან აქამდე ახასიათებდა იდეოლოგიური კონსოლიდაციის მეტად მაღალი დონე. პოლიტიკური პარტიები არ უპირისპირდებიან ერთმანეთს მემარცხენე თუ მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის თემების ირგვლივ: ყველა საბაზრო ეკონომიკის და, ამავე დროს, გულუხვი სოციალური პოლიტიკის მომხრეა. ყველა იცავს დემოკრატიას, პიროვნების უფლებებს, რელიგიურ და ეთნიკურ შემწყნარებლობას და, ამავე დროს, მხარს უჭერს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და ხაზს უსვამს პიეტეტს მის მიმართ. ყველა თვლის, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში უპირობო პრიორიტეტია, თუმცა ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ყველა პროდასავლურია და მხარს უჭერს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებას. რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებები არის, მაგრამ ისინი ნაკლებ  თვალსაჩინოა საჯარო რიტორიკის დონეზე და ნაკლებად განსაზღვრავს, თუ ვინ რა პოზიციას დაიჭერს პოლიტიკური დაპირისპირების კრიზისულ მომენტებში.
საერთო პოლიტიკური პლურალიზმის საფუძვლად არც რეგიონული განსხვავებები თუ დაპირისპირებები გამოდგება. 1998-2003 წლებში აჭარაში არსებობდა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი ასლან აბაშიძის პოლიტიკური რეჟიმის სახით. თუმცა აჭარის ლიდერს არ ჰქონია მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური იდეოლოგია, მისი პოლიტიკური პრაქტიკები საკმაოდ ცხადად იყო განსხვავებული თბილისისგან (ავტორიტარიზმის) გაცილებით უფრო მაღალი დონე, აშკარა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია რუსეთზე). ძნელი წარმოსადგენია, ასეთი ტიპის პოლიტიკური ცენტრის არსებობას, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების დემოკრატიული დანაწილებისთვის შეეწყო ხელი _ ის, უბრალოდ, სახელმწიფოებრიობის რღვევის აგენტი იყო. მაგრამ ამ კონტექსტში უფრო იმის ხაზგასმაა მნიშვნელოვანი, რომ, როგორც მომდევნო მოვლენებმა აჩვენა, ასლან აბაშიძის რეჟიმს უკან არ ედგა სერიოზული სოციალური და ინსტიტუციური საფუძველი. აჭარის “განსაკუთრებულობა” პიროვნებაზე და მის მიერ შექმნილ რეჟიმზე იყო დაფუძნებული. აბაშიძის წასვლის შემდეგ “ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის” ქიმერაც განქარდა.
ძალაუფლების დანაწილების დე ფაქტო აგენტები : ქუჩა და დასავლეთი
მაშ,  რა გამოდის საქართველოში ხელისუფლების ყველაზე სერიოზულ საპირწონედ? პოლიტიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია გამოვყოთ ორი ფაქტორი. პირველი და ყველაზე ეფექტური არის ქუჩა. უფრო ზუსტად, ეს არის რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი გაბრაზებული ხალხის კრიტიკული მასა. ჩავთვალოთ, რომ “კრიტიკულ მასას” შეადგენს იმდენი ადამიანი, რამდენიც ავსებს რუსთაველის გამზირის მონაკვეთს პარლამენტის წინ (ამით ავცდებით უკიდურესად პოლიტიზებულ შეფასებებს იმისა, თუ რამდენი ადამიანი მოვიდა ამა თუ იმ საპროტესტო მიტინგზე).
გამოცდილება აჩვენებს, რომ როგორც კი ასეთი პოლიტიკური სუბიექტი მატერიალიზდება, ეს სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს მოასწავებს. ხდება ან რეჟიმის შეცვლა (ასე წავიდა როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძის ხელისუფლებები), ან ხელისუფლება მიდის სერიოზულ პოლიტიკურ დათმობებზე, რაზეც სხვა შემთხვევაში არ წავიდოდა (1989 წლის აპრილმა პრაქტიკულად საფუძველი გამოაცალა კომუნისტურ რეჟიმს, 1990 წლის ზაფხულში ის დათანხმდა, ოპოზიციისთვის მომგებიან საარჩევნო სისტემას, 2001 წლის ოქტომბერს მოჰყვა შევარდნაძის რეჟიმისთვის საკვანძო ფიგურების გადადგომა). 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა პატერნი ნაწილობრივ შეცვალა: ხელისუფლება საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა კრიზისიდან, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო და, განსაკუთრებით, საპარლამენტოს არჩევნების შედეგებმა დაადასტურა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2007 წლის ნოემბერსაც მოჰყვა პრეზიდენტის ვადის ერთი წლით შემცირება (არსებითად, პრეზიდენტის გადადგომა) და სხვა სერიოზული დათმობები ოპოზიციის მოთხოვნების მიმართ (ოპოზიციამ ამ დათმობების ნაწილი საბოლოოდ ვერ “შეირგო”, მაგრამ ეს უკვე მისი ტაქტიკური შეცდომების ბრალი იყო).
რაკი ქუჩა ამდენად მნიშვნელოვანი ძალაუფლების ცენტრია, მრავალი ოპოზიციური პარტიისთვის სწორედ ის ხდება მთავარი ორიენტირი და პოტენციური მეკავშირე. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძირითადი საქმიანობა ხდება არა არჩევნები და საპარლამენტო მოღვაწეობა, არამედ ქუჩის მობილიზაცია და, შემდეგ, მობილიზებული ქუჩის სახელით ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. შესაბამისად, ქუჩის აქტივობის შემცირება ავტომატურად იწვევს ოპოზიციის გავლენის მკვეთრ დაცემას.
აქედან გამომდინარე, რაღაც ზომით ქუჩა ნამდვილად მუშაობს, როგორც ხელისუფლების შემზღუდველი ცენტრი. მაშინაც კი, როცა ის შედარებით პასიურია, ხელისუფლება ანგარიშს უწევს მისი გააქტიურების პოტენციას: ის თავს არიდებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც მასობრივ პროტესტებს გამოიწვევს. თუ ის ამ მიდგომას გადაუხვევს (მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ საქართველოს ხელისუფლების ქცევა 2006 წლის ნოემბრიდან 2007 წლის სექტემბრამდე), ეს მას ქუჩის მხრიდან გააქტიურების და, აქედან გამომდინარე, უკანდახევის ფასად უჯდება.
ქუჩა დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის კანონიერი მონაწილეა. მაგრამ ის ვერ ითამაშებს ხელისუფლების სტაბილური ინსტიტუციური საპირწონის როლს, რაც შესაძლებელს გახდის კონსოლიდირებულ დემოკრატიას. ქუჩის ფაქტორი არამყარი და არაწინასწარმეტყველებადია, ამიტომ მასზე ძალიან ძნელია გრძელვადიანი პოლიტიკური სტრატეგიის დამყარება. საკმარისად რაციონალურ ხელისუფლებას ხანგრძლივი დროის მანძილზე შეუძლია ქუჩის ენერგიის წარმატებული ნეიტრალიზაცია _ ამ ხნის განმავლობაში ეს უკანასკნელი წმინდად პოტენციურ მოთამაშედ იქცევა. ისიც აშკარაა, რომ ქუჩა არ არის კომპეტენტური პოლიტიკური მოთამაშე, მას არ შეუძლია ხელისუფლების გამიზნული და ნიუანსირებული ოპონირება, მისგან მომდინარე გზავნილების ინტერპრეტირებას პოლიტიკური ელიტები ახდენენ მათი მიმდინარე ინტერესების შესაბამისად. ქუჩა თავისი ბუნებით ორიენტირებული არ არის ძალაუფლების გაზიარებაზე და განაწილებაზე, ის პოლიტიკური რადიკალიზმის მატარებელია, მისთვის უფრო “ყველაფრის ან არაფერის” კულტურაა დამახასიათებელი.
ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩის მონაწილეობით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ შეიძლება დემოკრატიის გაძლიერებით დამთავრდეს. ავიღოთ ცნობილი “ბოსტონის ჩაის ქეიფი”, როდესაც 1773 წელს ხალხმა ინგლისიდან საიმპორტოდ გამზადებული ჩაი წყალში გადაყარა. ეს იყო გაბრაზებული ხალხის რადიკალური აქცია, მაგრამ საბოლოოდ მან ამერიკული დემოკრატიის ზეიმს შეუწყო ხელი. ასეთი შედეგის მისაღწევად, ერთის მხრივ, საჭიროა პოლიტიკური ელიტების კომპეტენტური ქმედება, მეორეს მხრივ კი _ ქუჩის და ხელისუფლების გარდა სხვა სოციალური  და პოლიტიკური ძალების არსებობა. ქუჩა შეიძლება იყოს მხოლოდ კატალიზატორი, ტრანზიტული და ეპიზოდური მოთამაშე.
პოლიტიკური ელიტების მიერ ქუჩის ენერგიის ნაკლებ წარმატებული გამოყენების ილუსტრაციად შეიძლება გამოვიყენოთ 2007 წლის ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის შედეგები. ეს მოვლენები შეიძლებოდა უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი გამხდარიყო. მაგრამ ეს არ მოხდა: ოპოზიციამ უარი თქვა მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო შესწორებებისთვის პარლამენტში მიეცა ხმა, რადგან ამ დროს ქუჩის პროტესტის ორგანიზებით იყო დაკავებული, შემდეგ კი ხელისუფლებამაც უარი თქვა ზოგიერთ დაპირებულ დათმობაზე. რატომ? ოპოზიციური ელიტების ტაქტიკური შეცდომა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ახსნაა. მაგრამ არსებობს უფრო ღრმა მიზეზიც. რაკი ოპოზიციის გაძლიერება მთლიანად “ქუჩის” გამოცოცხლების შედეგი იყო, მას ყველაზე მეტად ამ რესურსის დაკარგვისა ეშინოდა. მისი შენარჩუნება კი, ოპოზიციონერთა აზრით, ახალი რადიკალური მოთხოვნების წამოყენებას საჭიროებდა. ხელისუფლებასთან რაიმე შეთანხმებაზე წასვლა, თუნდაც საკუთარი მოთხოვნების შესრულების ლეგიტიმაციის სახით, ქუჩის რადიკალური ენერგიის დაცხრომას და, შესაბამისად, ოპოზიციის კვლავ დასუსტების შიშს იწვევდა.
ხელისუფლების მოქმედების მეორე შედარებით ქმედითი შემზღუდველი ფაქტორი საქართველოში საერთაშორისო თანამეგობრობა, ანუ დასავლეთია. მისი ზემოქმედება არ იწვევს ისეთ სწრაფ და დრამატულ შედეგებს, როგორც ქუჩის ამოქმედება, მაგრამ მისი ზემოქმედება უფრო სტაბილური და სტრატეგიულია. მაინც რას ემყარება მისი ქმედითობა? ან ასე დავსვათ კითხვა: რატომ არის საერთაშორისო თანამეგობრობის ბერკეტები გაცილებით უფრო ეფექტური საქართველოს მიმართ, ვიდრე, ვთქვათ, ბელორუსიის ან უზბეკეთის მიმართ? იმიტომ, რომ საქართველოს თავად აქვს დასავლეთთან პარტნიორობის ინტერესი. ამ აზრით, დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების შეზღუდვა, საქართველოს ხელისუფლების (და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების) მხრიდან საკუთარი თავის შეზღუდვაცაა. საქართველო იმიტომ უწევს ანგარიშს დასავლეთს, რომ თვითონ უნდა დასავლეთის ნაწილი იყოს. მას რომ ასეთი სურვილი არ ჰქონოდა, დასავლეთის ბერკეტები საქართველოს ხელისუფლებაზე გაცილებით შესუსტდებოდა.
რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ყოველივე ამიდან ქვეყანაში დემოკრატიის პერსპექტივის თვალსაზრისით? საქართველოში ჯერ კიდევ სუსტია იმის სტრუქტურული წინაპირობები, რომ ძალაუფლების დანაწილების ქმედითი და სტაბილური სისტემა ჩამოყალიბდეს. საზოგადოების ზოგადი ორიენტაცია დემოკრატიულ ღირებულებებზე, რისი ყველაზე დრამატული გამოხატულებაც ქუჩის აქციებია, გარკვეულ როლს თამაშობს იმაში, რომ საქართველოში ავტორიტარული პოლიტიკური წყობა არ ჩამოყალიბდეს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი “შეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების” ეფექტური სისტემის დასამკვიდრებლად. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება ხელისუფლების პოლიტიკური ნება, შეინარჩუნოს და განავითაროს დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები. თავის მხრივ, ამ პოლიტიკური ნების უაღრესად მნიშვნელოვანი ხელშემწყობია ზოგადი ორიენტაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და, აქედან გამომდინარე, ახლო პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან. ეს არ არის საკმარისი დემოკრატიის გრძელვადიანი კონსოლიდაციისთვის. მაგრამ არსებული ვითარება უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების თუნდაც არასრულყოფილ ფუნქციობას. ისინი კი, თავის მხრივ, ლიბერალური ეკონომიკის ინსტიტუტებთან ერთად, სავარაუდოდ ხელს შეუწყობს ისეთი სოციალური ინსტიტუტების განვითარებას, რომლებიც მომავალში უფრო დაბალანსებული პოლიტიკური სისტემის შექმნის წინაპირობებს შექმნის. ამ ეტაპზე ეს საქართველოში კონსოლიდირებული ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბების საუკეთესო სცენარია.  

< <1>> < <2>>

Copyright © 2008 Grigol Robakidze University
Created by Gr.Robakidze University Design Group